ოჯახის ისტორია

ვარძიარეზორტის ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე 2015 წელი, როდესაც რეზორტმა პირველ სტუმრებს უმასპინძლა.

ტურისტების სამცხე-ჯავახეთში მოზიდვის იდეა ჯერ კიდევ ნიკოლოზ ნათენაძეს XX საუკუნის 30–40-იან წლებში ამოძრავებდა. პროფესიით იურისტმა, საზოგადო მოღვაწემ, რუსთველოლოგმა და რესტავრატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

იმ დროს, როდესაც ვარძიის გამოქვაბულების ნაწილი თურქ მწყემსებს შინაური ცხოველების ფარეხებად ჰქონდათ ქცეული, ნიკოლოზ ნათენაძემ მისი აღდგენისა და განვითარების საქმეს ჩაუყარა საფუძველი. 

1936–1937 წლებში ვარძიაში მისი თაოსნობით მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა: გაიწმინდა 300-ზე მეტი გამოქვაბული, აღდგა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მისი ფრესკები, არქეოლოგებმა კი თამარ მეფის დროინდელი აფთიაქი აღმოაჩინეს. ის გახდა მის მიერვე შექმნილი ვარძიის ტურისტული კომპლექსისა და მუზეუმის პირველი ხელმძღვანელი და მათი განვითარების ინიციატორი.

ნიკოლოზ ნათენაძის საქმიანობა ვარძიის ფარგლებსაც გასცდა. 1934 წელს მტკვრის ხეობაში ელექტროსადგურების მშენებლობის შესასწავლად ექსპედიცია მოეწყო, მისი ძალისხმევით კი სოფელ გოგაშენს წყალსადენი გაეყვანა, რომელსაც ადგილობრივები დღემდე „კოლიას წყალს“ უწოდებენ.

სწორედ ნიკოლოზ ნათენაძის ამაგი ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის გადარჩენაში იქცა მისი შთამომავლებისთვის ბაბუის დაწყებული საქმის გაგრძელების მოტივაციად, რაც უპირველესად თავად ვარძიისა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანად მოიაზრება.

„კაცი, რომელმაც ვარძია გადაარჩინა” — ასე მოიხსენიებენ მას დღემდე.
ოჯახის ისტორია - ვარძია რეზორტი